ამ ნახატის პირვანდელი სახელია „განცვიფრებული“ (Surpris!) - ალბათ იმიტომ, რომ მძვინვარე ქარიშხლის შუაგულში ელვისგან განათებული ვეფხვი კვლავ განაგრძობს თავის მსხვერპლზე ნადირობას და გადამწყვეტი ნახტომისთვის ემზადება.
ნახატის ავტორი, ანრი რუსო (1844-1910) პრიმიტივისტული მანერის, თვითნასწავლი ფრანგი მხატვარი იყო, რომელმაც მხატვრობას ხელი ორმოცი წლის ასაკში მოკიდა... მის ტილოებზე ძირითადად ჯუნგლების სცენები იყო ასახული, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჯუნგლი თვალით არასდროს ენახა.
„ვეფხვი ტროპიკულ შტორმში“ რუსოს ჯუნგლების სერიის პირველი ნახატი იყო და მას კრიტიკოსთა მხრიდან ძირითადად დამცინავი დამოკიდებულება შეხვდა. ნამუშევარს ბავშვური უწოდეს, მაგრამ კრიტიკოსთა ნაწილმა სწორედ ამ ბავშვურობას შერწყმული მაღალი მხატვრული ღირებულება მოუწონა და წლების შემდეგ იგი თვითნასწავლ გენიოსად აღიარეს.
მხატვარმა ნამუშევრის გამოფენა პირველ ჯერზე ვერ მაოხერხა, რადგან ხატვისა და კულტურის სამეფო აკადემიამ იგი დაიწუნა; შემდეგ რუსომ „ვეფხვი ტროპიკულ შტორმში“ დამოუკიდებელ სალონში (Salon des Indépendants) წარადგინა, სადაც ნამუშევრები ჟიურის შეფასების გარეშე მიიღებოდა.
ვეფხვის ნადავლი ტილოს მიღმაა, ამიტომ მაყურებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული თუ როგორი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ნადირობას. მოგვიანებით თავად რუსომ თქვა, რომ ვეფხვი მკვლევართა ჯგუფზე აპირებდა შეტევას... რუსო თავის ჯუნგლების ნახატებში ცდილობდა დიდი რაოდენობით მწვანე ჩრდილების გამოყენებით ზედმიწევნით გადმოეცა ბუნების მრავალფეროვნება.
ნახატი ინახება ლონდონის ნაციონალურ გალერეაში.
ტილო, ზეთი. ზომა: 130x162 სმ
ქვემოთ, ჩვენს გალერეაში გთავაზობთ ანრი რუსოს სხვა ნამუშევრებსაც.
Kommentare