„როდის გათხოვდები?“ - ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტილო
- petre petre
- Dec 24, 2023
- 1 min read

„როდის გათხოვდები?“ - ასე ჰქვია პოლ გოგენის ნახატს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტილოა (2015 წელს გაიყიდა 210 მილიონ დოლარად).
ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი, პოლ გოგენი (1848 – 1903) ფერების ექსპერიმენტული გამოყენებითაა ცნობილი, მასზე დიდი გავლენა იქონია საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე მოგზაურობამ.
გოგენის მიზანი იყო კუნძულებზე ეპოვა „ედემის ბაღი, სადაც შეძლებდა შეექმნა გულწრფელი, პრიმიტიული ხელოვნება“. ამის ნაცვლად, მან აღმოაჩინა, რომ ევროპელებისგან კოლონიზებული ხალხი ადგილზე ფიზიკურად ცოტაღა იყო დარჩენილი და „პრიმიტიული ყოფის“ ნიშნებიც ქრებოდა.
კუნძულ ტაიტიზე მუშაობისას, ის ხშირად ხატავდა ადგილობრივ ქალებს როგორც შიშველ მდგომარეობაში, ასევე ტრადიციულ და ევროპულ სამოსში.
ნახატზე მწვანე და ყვითელი საფარის ზღურბლზე ზის ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა ტაიტელი ქალი; მკვლევრების ვარაუდთ, მარცხენა ყურის უკან თეთრი ყვავილი მიუთითებს, რომ ის სატრფოს ეძებს.
მის უკან კი ჩანს ევროპულ სამოსში გამოწყობილი მეორე ქალბატონი, რომელიც გაფრთხილებითა თუ მუქარით უყურებს პირველს.
ქვედა მარჯვენა კუთხეში არის წარწერა - NAFEA Faa ipoipo ანუ „როდის გათხოვდები?“. გოგენი აღფრთოვანებული იყო ტაიტური ენით და ამ პერიოდში ხშირად საკუთარ ნახატებს ამ ენაზე აწერდა წარწერებს.
ნახატი შესრულებულია ტილოზე ზეთით 1892 წელს, ზომები: 101x77 სმ.
ქვემოთ, ჩვენს გალერეაში გთავაზობთ პოლ გოგენის მიერ კუნძულ ტაიტის თემაზე შესრულებულ რამდენიმე სხვა ნამუშევარს: „ტაიტელი ქალები სანაპიროზე“ (1891წ.);„ეჭვიანობ?“ (1892 წ.); „დედობა“ (1899წ).
Comments