„მანიფესტაცია“ - 1934 წელს არგენტინაში შესრულებული ნახატია.
ნამუშევრის ავტორია ანტონიო ბერნი (1905-1981), რომელიც ფიგურატივიზმის (ფიგურატიული ხელოვნების) წარმომადგენლად ითვლება. იგი თავის შემოქმედებაში არგენტინის სოციალურ-პოლიტიკურ რეალობას გადმოსცემდა; დაკავშირებული იყო Nuevo Realismo-ს (ახალი რეალიზმის) მოძრაობასთან.
ევროპაში განათლებამიღებული ბერნი 1930-იან წლებში სამშობლოში დაბრუნდა და არგენტინაში მოქმედი ოპოზიციური მოძრაობების მხარდასაჭერად პოლიტიკური „მურალების“ (კედლის მხატვრობა) შექმნა დაიწყო.
„მანიფესტაცია“ - მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, რომელიც თავიდან ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა, როგორც მოძრავი საპროტესტო ბანერი, სხვადასხვა დემონსტრაციისთვის.
ცნობილია, რომ ავტორი საკუთარ არქივში ინახავდა პირადად გადაღებულ და გაზეთებიდან ამოჭრილ ფოტომასალებს, რომლებიც მასობრივი გამოსვლების სცენებს ასახავდნენ. სწორედ ამ ფოტოებზე დაკვირვება ეხმარებოდა ბერნის პერსონაჟების „გაცოცხლებაში“.
აღსანიშნავია, რომ ნახატზე გამოსახული ხალხის შუაგულში მოჩანს წარწერა: „პური და სამუშაო“
„მანიფესტაცია“ ინახება ბუენოს-აირესში, ლათინური ამერიკის ხელოვნების მუზეუმში;
ტემპერა, ტილოზე; ზომები: 180 x 249,5 სმ.
აქვე, ჩვენს გალერეაში გთავაზობთ ანტონიო ბერნის სხვა ნამუშევრებს, რომლებიც სოციალურ რეალობას ასახავენ: „უმუშევრები“ (1934 წ.) „ხუანიტო მიდის ქალაქში“ (1963 წ.) „აეროპორტი“ (1976 წ.) „შუაღამე მსოფლიოში“ (1937 წ.) „რამონა იცდის“ (1964 წ.) „მდუმარე უმრავლესობა“ (1972 წ.)
Comentários