top of page

დიდი ნახატები დიდ კინოში: გენიოსების კოლაბორაცია (ნაწილი I)

სახვითი ხელოვნება შთააგონებდა და კვლავ შთააგონებს კინემატოგრაფიას. ამ სტატიაში მოცემულია რამდენიმე პარალელი, რომელიც ხელოვნების ორი დარგის კავშირის სილამაზეს გვიჩვენებს. გოია, დალი, ვან გოგი და სხვა გენიოსები, რომლებმაც გავლენა იქონიეს კინოს საკულტო სცენებზე:


1. „ჩაკეტილი კუნძული“, რეჟისორი მარტინ სკორსეზე;

პარალელი: „კოცნა“ (1908 წ.) - გუსტავ კლიმტი



მარტინ სკორსეზეს ეს ფსიქოლოგიური ტრილერი მოგვითხრობს მარშალი ედვარდ დენიელსის შესახებ, რომელიც სპეციალური მისიით მიემგზავრება კუნძულზე, სადაც ფსიქიატრიული კლინიკაა.

ფილმის მსვლელობისას დიკაპრიოს პერსონაჟს ერთგვარი პარანოიის განცდა ეუფლება. ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სცენაში მთავარი გმირი ეხუტება თავის მეუღლეს.

ეს სასოწარკვეთილი სცენა მოგვაგონებს სახვითი ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ წყვილს: ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის გუსტავ კლიმტის „კოცნის" გმირებს.


2. „პანის ლაბირინთი“, რეჟისორი გილერმო დელ ტორო;

პარალელი: „სატურნი შთანთქავს თავის შვილს“ (1819-23) - ფრანსისკო გოია



ეს ფილმი მექსიკელ რეჟისორს, გილერმო დელ ტოროს საერთაშორისო აღიარების მოპოვებაში დაეხმარა. სიუჟეტის თანახმად, პატარა ესპანელი გოგონა დედასთან ერთად მამინაცვლის სახლში საცხოვრებლად გადადის.

ფილმში რეალობა და ფანტაზია ერწყმის ერთმანეთს, ვხვდებით ჯადოსნურ პერსონაჟებს. სწორედ ერთ-ერთი ჯადოსნური პერსონაჟი მიიჩნევა გოიას აღნიშნული შედევრის პარალელად.


3. „მექანიკური ფორთოხალი“, რეჟისორი სტენლი კუბრიკი;

პარალელი: „პატიმრების გასეირნება“, (1890 წ.) ვინსენტ ვან გოგი



ბრიტანელი მწერლის, ენტონი ბერჯესის ამავე სახელწოდების დისტოპიურ რომანზე დაყრდნობით, „მექანიკური ფორთოხალი“ ეკრანზე რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა გადაიტანა.

ფილმის ამ სცენაში პატიმრობამისჯილი მთავარი გმირი, ალექსი სხვა პატიმრებთან ერთად ყოველდღიურ რუტინაშია ჩართული და პატარა სივრცეში ტრიალებს.


ვინსენტ ვან გოგმა კი ეს ნამუშევარი მაშინ შექმნა, როცა ის ერთი წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მომვლელი ექიმი და ვან გოგის ძმა მიიჩნევდნენ, რომ ვინსენტს შემოქმედებით დაკავება გამოჯანმრთელებაში დაეხმარებოდა.


ნახატი შექმნილია ფრანგი ილუსტრატორის, გუსტავ დორეს მანამდე არსებული გრავიურის მიხედვით, რომელიც მან ციხეში ყოფნისას 1872 წელს შექმნა.


4. „მელანქოლია“, რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი;

პარალელი: „ოფელია“, (1852 წ.) ჯონ ევერეტ მილეისი



ლარს ფონ ტრიერის ეს ფილმი აპოკალიფსური დრამაა. ფილმის ერთ-ერთ სარეკლამო პოსტერში, მთავარი გმირი ცურავს შროშანებით, ფოთლებითა და ყვავილებით დაფარულ ტბაში, რაც ძალიან ჰგავს ბრიტანელი მხატვრის ჯონ ევერეტ მილეისის ნამუშევარს.


ნახატი კი ავტორმა 1852 წელს შექმნა. ნამუშევარი ასახავს უილიამ შექსპირის ტრაგიკულ-რომანტიკული პერსონაჟის, ოფელიას გარდაცვალების წინა სცენას, სადაც ის მღერის სანამ სამუდამო განსასვენებელს პოვებს.


5. „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“, რეჟისორი ჯორჯ მილერი;

პარალელი: „სპილოები“, (1948 წ.) სალვადორ დალი



ავსტრალიელი რეჟისორის, ჯორჯ მილერის მიერ 2015 წელს გადაღებული ფილმი განსაკუთრებული ვიზუალური მეტყველებით გამოირჩევა. ეს პოსტ-აპოკალიფსური ფილმია, სადაც ზუსტად შერჩეული ფერთა პალიტრა და განათების ოსტატურად გამოყენება გამორჩეულ როლს თამაშობს.


სცენა, რომელშიც უცნაური კიდურების მქონე ფიგურები უკაცრიელ ფონზე ჩნდებიან, ძალიან ჰგავს სალვადორ დალის ნამუშევარს - „სპილოები“.



გაგრძელება იქნება...


1,524 views0 comments

Comments


bottom of page